„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 5 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„სპეციალურ ავტომობილებში ასობით ნაწამები ადამიანი, რუსთაველის გამზირზე სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, ათობით სრულიად უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმარი, აპატიმრებენ ასაკოვან ქალბატონებს, ოჯახებს - ამ ფონზე რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას, მძიმე მუხლებით საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების მიმართ. რეჟიმის გენერალური პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული.
ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების უმძიმეს დასკვნაზე და კარგად გვესმის, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ აქ ცვლილებების შანსი არ არის.
მათი გადმოსახედიდან, ამან ქართველ ხალხში უიმედობის განცდა უნდა გამოიწვიოს, მაგრამ უიმედობის ნაცვლად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს და ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული ფრონტის შექმნას“, – განაცხადა კირთაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან ყველას, ვისთვისაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. „შედეგიც მალე იქნება. ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგ ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა ამ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი“, – თქვა გიორგი კირთაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ბრალდებულები საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს. გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“. მიხეილ სააკაშვილს პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებით, ძალადობრივი ქმედებებისა და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“ მოწოდებებს ედავებიან.
- საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
- „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
- „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
- „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
8 ოპოზიციონერი ლიდერიდან 6 უკვე ციხეშია. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
