ხუნდაძე: 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა „ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ხუნდაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, „ხალხის ძალა“ მზად არის, ჩაერთოს შესაბამის კონსულტაციებში.

„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.

„რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს. სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს“, - აცხადებს ხუნდაძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის, პირველადი და დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას ითვალისწინებს. რეგულაცია ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს.

როგორც „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც „ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას“ იწვევს. „ვფიქრობ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი“, - თქვა კობახიძემ 12 თებერვალს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.