ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ოპოზიციური პარტა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაოს თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ლელოს“ ლიდერები მათ წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„სამწუხაროდ, აქაც, წინა ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც აკრძალული იყო სასამართლო პროცესების გადაცემა მედიით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლაც აკრძალა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ ნახონ, თუ როგორ ხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა.

რაც შეეხება ბრალის წაყენებას, ეს ხომ ხელის გულზე დევს - ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს წაგვიყენა.

ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა და, სამწუხაროდ, მოსამართლემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუდასტურა მათ ის, რაც სჭირდებოდათ - გირაოს შეფარდება ასტრონომიული რიცხვით.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

როგორც გენპროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ბრალდებულები საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს. გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“. მიხეილ სააკაშვილს პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებით, ძალადობრივი ქმედებებისა და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“ მოწოდებებს ედავებიან.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
  • „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 13:00 საათი განისაზღვრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.