კალუგინი: რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

„რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, საქართველო არ გახდეს „ხურდა ფული“ ანტირუსულ თამაშებში“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში კალუგინმა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

„ჩვენ ვისწრაფვით საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ. თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებისადმი მრავალვექტორიან მიდგომას ავლენს. საქართველო არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც გარედან ახვევდნენ თავს. ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკაში ბევრ რამეს მივაღწიეთ“, – თქვა კალუგინმა.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია, თუმცა „არსებობს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“.

„2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა და ზრდას აგრძელებს. ჩვენი ტევადი ბაზარი პრაქტიკულად შეუცვლელია საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონლისთვის.

რუსეთი ლიდერობს საქართველოში ჩასული ტურისტების რაოდენობით. თუ 2021 წელს ეს მაჩვენებელი 200 000 იყო, 2024 წელს უკვე 1.4 მილიონს გადააჭარბა. 2025 წელს რუსები საქართველოში ტურისტული ნაკადის თითქმის მეოთხედს შეადგენდნენ.

ორი წლის წინ ჩვენ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღვადგინეთ. მე მჯერა, რომ არსებობს პოტენციალი ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გასაზრდელად, ბარიერების მოხსნისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებისთვის. აქ ორმხრივი სარგებელი აშკარაა.

2022 წელს საქართველოს ხელისუფლებას, დასავლელების საამებლად, ჩვენთან კონფრონტაციის ხაზი რომ აერჩია, ყოველივე ეს პოზიტივი არ მოხდებოდა და საქართველოს ეკონომიკა 40%-ით არ გაიზრდებოდა“, – განაცხადა მიხაილ კალუგინმა.

„რია ნოვოსტის“ შეკითხვაზე, როგორ აისახება თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული უთანხმოება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე, კალუგინა თქვა:

„ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ევროკავშირმაც ვერ გაამართლა ქართველების მოლოდინები. მიუხედავად 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა, არავის სურს ქართული საქონლის ევროკავშირის ბაზარზე ნახვა. ამაზე მშრალი ციფრები მეტყველებენ. დსთ-ზე მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 33%, ხოლო მთლიანად ევროკავშირზე მხოლოდ 22%. რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს, დსთ-სა და ევროკავშირის წილებს შორის სხვაობა უბრალოდ კოლოსალურია: 2024 წელს საქართველომ დსთ-ში თავისი საქონლის 70% გაიტანა, ხოლო ევროკავშირში მხოლოდ 9%. ნათელია, ვისი ბაზარია ღია საქართველოსთვის და ვისი - დახურული“.

ამავე ინტერვიუში მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ბზარის შეტანას ცდილობს.

„რუსეთი სამხრეთ კავკასიის უბრალოდ მეზობელი არ არის. თავად რუსეთი კავკასიური სახელმწიფოა (держава). ჩვენ მთის ქედის სამხრეთ მხარეს მცხოვრებ ხალხებთან გვაერთიანებს საუკუნოვანი მეგობრობა, საერთო ისტორიის დიდებული თავები, ცივილიზაციური სიახლოვე და მილიონობით ოჯახური და ნათესაური კავშირი. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში ვცხოვრობდით. ერთ დროს რუსეთთან დაახლოება რეგიონის ხალხებს საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება საბჭოთა ეპოქაში ხდებოდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უნიკალურ ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს დრო და გარე ზეწოლა“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.