თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 16 დეკემბერს, საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
მერიაში გამართულ ბრიფინგზე კალაძემ თქვა, რომ „რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელის შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას დედაქალაქში“.
„დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვრთავდით ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთებოდა მთავარი ნაძვის ხეც, ამჯერად, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, ჩვენს პატარებს, თანაქალაქელებს სიხარულისა და ბედნიერების განცდა წაართვას.
თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი, საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება და ამ დღეების განმავლობაში და ახალ, 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა 14 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაში კვლავ მშვიდობიანი დემონსტრანტები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თქვა, თითქოს, ჰქონდა ინფორმაცია, აქციის მონაწილეების მხდიან პროვოკაციის მოწყობის შესახებ.
„აგრესიულმა ჯგუფებმა, სცენას, სადაც ბავშვები უნდა ასულიყვნენ, ნაძვის ხის ასანთებად, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები... რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შიშს მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიეყვანათ, ბავშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე შვილების თანდასწრებით მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ. სხვა რა უნდა უწოდო ამას, თუ არა ლიბერალური ფაშიზმი.
დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს, სალომე ზურაბიშვილმა [...] იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენთილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ, რადიკალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები წააგეს, წაგების შემდეგ ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს“, - განაცხადა კალაძემ.
თავდაპირველად დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, სადაც 28 ნოემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები არაერთხელ დაარბიეს, 14 დეკემბერს, შაბათს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. იმავე დღეს არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეები დილიდან, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, შეიკრიბნენ, ხოლო კალაძის მიერ დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოჩნდნენ. იქვე იყო ასობით პოლიციელი. 18:55 წუთზე კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაძვის ხის ანთება გადაიდო.
