თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
კალაძის თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა“ და რუსთაველის გამზირზე „აგრესიული მომიტინგეები“ არიან შეკრებილი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. მანამდე არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეები დილიდან, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, შეიკრიბნენ.
დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოჩნდნენ. იქვე იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო. ერთი, თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას უნდა. მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები. ამისთვის ვართ აქ, მშვიდად, წყნარად და არეულობის გარეშე“, - უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ბოლო ორ კვირაში საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე არაერთხელ დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს, დააკავეს 500-მდე ადამიანი.
ამ ფონზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ჩატარება შესაძლო პროვოკაციად შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა. 13 დეკემბერს მან კახა კალაძეს მიმართა: „თუ ეს პროვოკაცია არ არის, მოდის ბარბარობა და მე ვთავაზობ, გადაიტანოს ეს ორბელიანის წინ, აქ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ“.
