კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტად სუვერენული გავხდით

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო „კიდევ უფრო გაძლიერდა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს“, - უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც ერთი წლის წინ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ეხებოდა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია აქვს შეჩერებული დასავლეთთან და იზოლაციაშია, კალაძემ თქვა:

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. გაითვალისწინეთ და გაითავისეთ ის, რომ ქართველი ხალხი არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, ახლაც ვიმეორებ: თუ გინდათ... ისე არ გამოვიდეს ახლა, 30 წელი ნატოშ მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან... რა პირობების [შესრულებაზე] მესაუბრებით? ნახეთ, უკრაინას რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. მტერს არ ვუსურვებ, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინაა. რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, პოლიტიკა და ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, შესაძლოა იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით“.

დღეს, 28 ნოემბერს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. 2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ განცხადების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები ძალადობრივად დაარბია და პროტესტის ჩასახშობად არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო.

ევროკომისია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩამოაშორა და დღეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.