ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის 2026 წლის არჩევნებში სამხრეთ კაროლინას შტატიდან კიდევ ერთხელ იყრის კენჭს. „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხად, ჯო უილსონს „დიფ სთეითის“ აგენტს უწოდებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინას მეორე საკონგრესო ოლქის უდიდესი ჩემპიონია!“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპი აღნიშნავს, რომ 78 წლის უილსონი ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია.
„ჯომ იცის ის გონიერება და სიმამაცე, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი სამხედრო/ვეტერანების მხარდასაჭერად და ძალის მეშვეობით მშვიდობის დამყარებისთვის. კონგრესში ჯო ბეჯითად მუშაობს, რათა შეინარჩუნოს ჩვენი ახლა უკვე ისედაც ძალიან დაცული საზღვარი კიდევ უფრო დაცულად, შეაჩეროს მიგრანტების დანაშაული, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს ამერიკაში დამზადებულ პროდუქციას, იყოს ამერიკული ენერგეტიკული დომინირების ჩემპიონი, დაიცვას არჩევნების მთლიანობა და ჩვენი მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება. ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა ხელახლა არჩევისთვის - ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ჯო უილსონი ხშირად აკრიტიკებს „ქარტული ოცნების“ ხელისუფლებას და მას მოიხსენიებს „ანტიამერიკულ რეჟიმად“, რომელიც საქართველოს „კომუნისტურ ჩინეთს, ირანსა და რუსეთს აბარებს, სიტყვის თავისუფლებას კრძალავს და ოპოზიციას აპატიმრებს“.
უილსონი იყო ერთ-ერთი ინიციატორი „მეგობარი აქტისა“ (MEGOBARI Act), რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში მიიღო, თუმცა შემდგომი მსვლელობა არ მისცემია. 2025 წლის სექტემბერში, ასევე ჯო უილსონის ავტორობით, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღო შესწორება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ. ეს შესწორება საბოლოო დოკუმენტში ვერ მოხვდა, რაც მედიის თანახმად, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგია.
ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეცაა. სექტემბერში, კომისიაში გაიმართა სხდომა, სათაურით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ამერიკელმა კონგრესმენემბმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მოხსენებები მოისმინეს.
