ისრაელი მოქალაქეებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არააუცილებელი მოგზაურობისგან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. უწყების განმარტებით, ირანთან მიმდინარე მზარდი ესკალაციის ფონზე, მკვეთრად იმატა ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების რისკმა საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიულად ირანთან ახლოს მდებარეობენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყო. დარტყმების შედეგად დაიღუპა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ასევე, დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები. ირანმა საპასუხო იერიშები მიიტანა ამერიკულ ბაზებსა და ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, აზერბაიჯანში. 5 მარტს, ირანის ტერიტორიიდან განხორციელებული დრონებით შეტევის შედეგად, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტი დაზიანდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.

პარალელურად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღიკვეთა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ დაგეგმილი ტერორისტული და დივერსიული ოპერაციების სერია. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი წარმოადგენდა. ნავთობსადენის გარდა, პოტენციურ ობიექტებს შორის იყო ისრაელის საელჩო ბაქოში, მთიელ ებრაელთა თემის ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა. უწყების ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილია ირანული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ქსელი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი რანგის პირებზე თავდასხმებს გეგმავდა.

ირანულ საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით, თეირანმა აზერბაიჯანის ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა და მოუწოდა, ქვეყნის ტერიტორიიდან „სიონისტური ძალები“ გააძევოს: „...აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელია, რათა თავიდან აირიდოს რეგიონში საშიშროების გავრცელება და საფრთხე არ შეექმნას საკუთარი მოსახლეობისა და ისლამური ირანის უსაფრთხოებას.“

7 მარტს, თბილისში, ირანის საელჩოსთან, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე (ეთნიკური აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან), ხამენეის პლაკატებით შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ: შენი მორჩილი ვარ, ხამენეი“.

ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია თბილისში გამართულ აქციას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.