ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი

ადვოკატის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში თავს მხნედ გრძნობს და მას ნორმალურად ეპყრობიან. ამირან გიგუაშვილმა კომენტარი ყოფილ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „პირველთან“ გააკეთა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იგი არის მხნედ, იმყოფება იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. რაიმე კონკრეტული გზავნილი ან მესიჯი მას, მით უფრო, საზოგადოებისთვის გადასაცემად ნამდვილად არ დაუბარებია.

ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რა პროცედურებიც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს – ვგულისხმობთ პირველადი საკითხების გადაწყვეტას. დამოკიდებულება მის მიმართ არის ნორმალური“, - აღნიშნა გიგუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ დაიწყეს ხანგრძლივი სამართლებრივ დავა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაა.

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გუშინ, 12 იანვარს გააფორმა. ის იმავე დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.  

მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ღარიბაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, საპროცესო შეთანხმების შედეგად 5 წელი მიესაჯა და დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამასთან, პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა „დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა“. საუბარია 6 500 000 აშშ დოლარზე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ექსპრემიერის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

პროკურატურა აცხადებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში კი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ამ გზით, ლეგალურ ბრუნვაში მოექცა „კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებული“ თანხიდან 830 000 ლარი.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელშიც ჯამში 3 670 172 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარა. მისი დაპატიმრების შემდეგ განცხადება გაავრცელა მისმა ცოლისძმამ, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა.

„…ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავს“, – დაწერა თამაზაშვილმა Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო – 2013-2015 და 2021-2024 წლებში. სხვადასხვა დროს ის ასევე იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს. იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და ამავე პარტიის თავმჯდომარე 2024-2025 წლებში. პოლიტიკაში მოსვლამდე, ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.