რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ინიცირებას და მის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. ლავროვმა, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსგავსად, თქვა, რომ კანონი მხოლოდ მიღებული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებაზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„საქართველოში ახლა მიმდინარე დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს, თუმცა კანონი ძალიან ლმობიერია. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, პოლონეთში, ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამის შესახებ არ ამბობ და ამ ფულით რაღაცას არასწორს აკეთებ. ქართველებს კი მარტივად აქვთ: იღებ ორგანიზაციის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან? უბრალოდ, დაადეკლარირე“, - განაცხადა ლავროვმა პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
სერგეი ლავროვამდე რუსულ კანონს გამოეხმაურნენ დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
ხალხის პროტესტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
ანალოგიურ კანონპროექტს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით გასული წლის მარტშიც დაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი „არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც 2012 წელს მიიღეს“ და სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს.
„ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, ეს არის კანონი მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც 30 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშენებენ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის.
