მაშველებმა გურიაში, სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ხანდაზმული ქალია დაღუპული, რომლის საცხოვრებელი სახლიც მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. არასრულწლოვანის ცხედარია ნაპოვნი სოფელ ჯუმათში. ერთი ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
8 სექტემბერს, ღამით ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რეგიონში მდინარეები ადიდდა, წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები დატბორა. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესებიც გააქტიურა, რამდენიმე სახლი მიწის ქვეშ მოექცა და დაინგრა. გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურიის არაერთი სოფელი.
„საქართველოს ამბებთან“ ის ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მეწყერს რამდენიმე წუთით გადაურჩნენ, ამბობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაფერი იცოდნენ.
სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის თქმით, მეზობელ სოფელში სამაშველო ოპერაციისთვის ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო:
„სოფლებში ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. მოქალაქეები დატბორილი სახლებიდან გამოგვყავს. ადგილობრივები ნავებით გვეხმარებიან. ისევ წვიმს და წყლის დონე მატულობს. მეზობელ სოფელში, ერთი ადამიანი, რომელსაც მანქანა წყალმა გასტაცა, მდინარის პირას, სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. თბილისიდან ვერტმფრენს ველოდებით“.

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტი მოძრაობს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციის მითითებებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
