გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მათ შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, პოლიციელებმა მოქალაქეები - პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პროკურორის ცნობით, ინციდენტის დროს პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული არ ჰქონდათ. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
პოლიციელები, რომელთაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებათ ბრალად, არიან:
- ვლადიმერ გოდერძიშვილი (22 წლის)
- ივანე მისირელი (24 წლის)
- გიორგი წკრიალაშვილი (35 წლის)
- ალექსი ბადალოვი (36 წლის)
- ბესო მალაციძე (34 წლის)
- საბა წაველიძე (19 წლის)
მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მოსამართლის თქმით, შელაპარაკების ნიადაგზე ექვსმა პოლიციელმა მოქალაქეებზე იძალადა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ფეხით გამოათრიეს და გრუნტოვან მიწაზე ათრიეს. მოსამართლემ განმარტა, რომ პატიმრობის შეფარდება დასაბუთებული იყო, მათ შორის მოწმეებზე (სხვა პოლიციელებზე) ზემოქმედების რისკის გამო.
ადვოკატმა ვანო სამხარაძემ მოითხოვა გოდერძიშვილისა და მისირელის გათავისუფლება 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, ხოლო გოდერძიშვილს, რომელიც კლინიკაში იმყოფება, დაზიანებები, სავარაუდოდ, თავად ლოცულაშვილმა მიაყენა.
გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატის ზაზა მინდიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც მიმალვის საფრთხე არ არსებობს. მან 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა.
საბა წაველიძის ადვოკატმა ზურა კაპანაძემ 19 წლის ბრალდებულისთვის პატიმრობის შეუსაბამობაზე ისაუბრა და ელექტროსამაჯურის ან შინაპატიმრობის გამოყენება იშუამდგომლა.
ბესო მალაციძისა და ალექსი ბადალოვის ადვოკატები ასევე გირაოს გამოყენებას ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულები გამოძიებას არათუ არ ეხმარებოდნენ, არამედ ხელს უშლიდნენ და შეცდომაში შეჰყავდათ.
მისივე თქმით, სხვა თანამონაწილეების დადგენის პროცესი გრძელდება, რაც ართულებს საქმის მიმდინარეობას, რადგან ყველა ფიგურანტი ერთმანეთის კოლეგაა.
პოლიციელებმა მოქალაქეებზე გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 27 მაისს იძალადეს. აბისონაშვილის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ლოცულაშვილს მანქანა „მიუშვეს“. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ და ხელებშეკრულ ლოცულაშვილს პოლიციელები წიხლებით სცემენ.
დანაშაულის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლოცულაშვილს ცივი იარაღი ჰქონდა, რასაც დაზარალებულის ოჯახი და აბისონაშვილი კატეგორიულად უარყოფენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებულმა ალექსანდრე დარახველიძემ დანაშაულის მეორე დღეს თქვა, რომ პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, „რა დროსაც იგი გახდა აგრესიული და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“. დარახველიძის თქმით, გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ლოცულაშვილი დაკავებულიც ჰყავდა, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა და ისე გაათავისუფლეს იზოლატორიდან. ოჯახი პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტას ითხოვს.
„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - მოეხსნას ბრალი. ქვა ჩაარტყაო... დანა ჰქონდაო... სრული აბსურდია. არავის ქვა არ ჩაურტყია. პაპუნა ბანკის თანამშრომელია, პატიოსანი მოქალაქეა... ჩემი ძმა საერთოდ არ არის აგრესიული, ძალიან მშვიდი პიროვნებაა“, - განაცხადა გიგლა ლოცულაშვილმა.
29 მაისს პაპუნა ლოცულაშვილი გორიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მწვავე ნევროლოგიური დარღვევები არ ვლინდება და კლინიკური სურათი თუ არ გაუარესდება, მას სახლში 72 საათში გაწერენ.
უფლებადამცველები და ლოცულაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გაგრძელდეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, გადიოდეს რაღაც მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ა.შ., ბუნებრივია, ყველაფერი ეს იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს უშუალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. შესაბამისად, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა, საკითხი“.
