თბილისში, გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს 3000-3000 ლარი შეუფარდა.
„ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, მათ სრულად აანაზღაურეს მიყენებული ზიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარემ განიხილა, რომ პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღმკვეთ ღონისძიებას და მიმართა სასამართლოს გირაოს გამოყენების მოთხოვნით“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
ბრალდებულების ადვოკატმა, გურამ იმნაძემ თქვა, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია თავიდანვე აღიარებდნენ ჩადენილ ქმედებას, არ უარყოფდნენ ქონების დაზიანებას და გამოთქვამდნენ მზადყოფნას, მიყენებული ზიანი აენაზღაურებინათ.
„ცხადია, ეს გადაწყვეტილება უფრო სამართლიანია, ვიდრე მათი პატიმრობაში დატოვება იქნებოდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ბრალი აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურის მტკიცებით, ჩიქობავასა და ხასაიას ქმედების შედეგად სახელმწიფოს 3380 ლარის ზიანი მიადგა. 25 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
რაც შეეხება კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ დანარჩენ 18 ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000 ლარით დააჯარიმა აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც. სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის.
