გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გენერალურ პროკურორად, 6 წლით, გიორგი გვარაკიძე აირჩია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გვარაკიძე 2009-2011წლებში იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2011-2016 წლებში საოლქო პროკურორის მოადგილე. 2016-2019 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2019 წელს ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; 2019-2022 წლებში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2022-2025 წლებში - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2025 წელს - თბილისის პროკურორი; გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა 2025 წლის 4 ივნისს, როცა ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, „ქართულ ოცნებას“ გენერალურ აუდიტორად გადაჰყავდა.

„რაც შეეხება პირებს, რომელიც თქვენ ახსენებთ, ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, ზოგადად, იმიტომ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად. შესაბამისად, ყველა ადამიანის მიმართ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს“ - განაცხადა გვარაკიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ გამოცხადდნენ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ.

გვარაკიძემ კომენტარი გააკეთა ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზეც, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისია და პროკურატურა ერთობლივად იკვლევენ.

„ჩორჩანას ეპიზოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას. ამ საქმეზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ხალხი. აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონია ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არის ჯერ-ჯერობით გასაჟღერებელი, თუმცა, ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეზეც, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ჩაგაყენებთ საქმის კურსში როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, რა თქმა უნდა, თუკი გვექნება უკვე შეკრებილი მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება გიორგი გახარიას - მას კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება“, - თქვა გვარაკიძემ.

კითხვას - შესაძლოა, რომ გიორგი გახარია პასუხისგებაში მიეცეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „დაველოდოთ მოვლენებს. ჯერ ვერაფერს ვიტყვით მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ არ დამდგარა ის დღე, როდესაც უნდა გამოცხადდეს ბატონი გიორგი გახარია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.