ფოტო - Giorgi Arjevanidze/AFP

„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამინისტრო ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას დეზინფორმაციას უწოდებს. კუპატაძემ ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყანაში მომიტინგეთა დარბევის კადრები აჩვენა.

„განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს“, - აღნიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. „ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და

ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს“, - თქვა კუპატაძემ

და ხაზი გაუსვა, რომ ქართული პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად - თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ იყენებს და ასე მოქმედებდა ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც. მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

თეიმურაზ კუპატაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. მოქალაქეები რეზინის ტყვიებითაც დაშავდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მათ გამოყენებას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სპეცრაზმის თანამშრომლები მოქალაქეებს ვიწრო ქუჩებში დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციებზე სცემეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს - ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს. ძალა გამოიყენეს ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

სახალხო დამცველის შეფასებით, 30 აპრილის აქციაზე შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. ომბუდსმენმა სამინისტროს მიუთითა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. „აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 17 აპრილის აქციის დარბევის შესახებ დაწერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ხელის შეწყობის ნაცვლად, პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები გაქცეულ მომიტინგეებს მისდევდნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ, ალყაში აქცევდნენ მათ და მიწაზე დაცემულებს უმოწყალოდ სცემდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).