ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე მარატ ავიძბას თავმჯდომარეობით, რუსული ენის პედაგოგის, შალვა ხიზანიშვილის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. 39 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, სასჯელის სახით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნეს დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ჯაშუშობა (274-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება (217-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სასჯელს ის მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.
შალვა ხიზანიშვილი ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებმა 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ჩხრეკისას მის სახლში სამი თოფი, საბრძოლო მასალა, ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფულადი სახსრები და საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები აღმოაჩინეს. ამასთან, „სუს-ის“ მტკიცებით, საკარმიდამო ნაკვეთზე, ძაღლის ჯიხურში, ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ხიზანიშვილი რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ (ФСБ) სასაზღვრო საგუშაგოს ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და მასალებს კურატორებს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ უგზავნიდა. დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკითხვისას ხიზანიშვილმა თითქოსდა დაადასტურა კონტაქტი საქართველოს სპეცსამსახურებთან, ხოლო მის ტელეფონში აღმოჩნდა მიმოწერა უკრაინული მობილური ოპერატორის აბონენტთან, რომელიც მათივე მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი ტარიელ ფიფიაა.
შალვა ხიზანიშვილის დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტრომ მასწავლებლების მიმართ რეპრესიული კამპანია წამოიწყო: უწყებამ „თბილისთან კავშირში ეჭვმიტანილი“ პედაგოგების შემოწმება დაიწყო და განაცხადა, რომ სამსახურში მხოლოდ „რეჟიმის ინტერესების ერთგულ“ პირებს დატოვებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და ჯაშუშობის მუხლით გასამართლება გახშირებული პრაქტიკაა:
2023 წელს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ ქრისტინე თაკალანძეს 10,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.
2025 წელს ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირის ბრალდებით 15 წლით დააპატიმრეს კახა მურადოვი.
2026 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში ემზარ ბაღიშვილი დააკავეს.
