ევროპსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და პარლამენტს მოუწოდებს, მათ მიღებაზე უარი თქვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
„შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლებიც, მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან შეზღუდვებს დააწესებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე.
ეს წინადადებები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღებულ ვალდებულებებს, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება.
მე ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, - ნათქვამია ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკომისარი ყურადღებას ამახვილებს „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ბუნდოვანებასა და გრანტების განმარტების გაფართოებაზე. „ქართული ოცნება“ აპირებს, გრანტად მიიჩნიოს ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განსახორციელებელ საქმიანობას.
„ეს განმარტება ძალიან ფართოა და ქმნის რისკის ქვეშ, რომ ჩვეულებრივი და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ კონტროლს დაექვემდებაროს, რაც ეფექტურად ძირს უთხრის საზოგადოებრივ აქტივობას და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობას“, - აღნიშნავს კომისარმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიცირებული ცვლილებები აფართოებს 2025 წლის აპრილიდან ძალაში არსებულ მოთხოვნას უცხოური გრანტებისთვის მთავრობის წინასწარი თანხმობის შესახებ. ეს მოთხოვნა ახლა გავრცელდება საზღვარგარეთ დაფუძნებულ და საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ უცხოურ ორგანიზაციებზე, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ ფილიალებზე.
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. ეს სასჯელი 12 წლამდე გაიზრდება „საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით ფულის გათეთრების“ შემთხვევაში.
„ეს ცვლილებები აფართოებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომელმაც სერიოზულად შეარყია სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში.
როგორც ახლახან აღვნიშნე, ეს კანონები სერიოზულ კითხვებს ბადებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 11(2) მუხლითა და 14-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან მათი თავსებადობის შესახებ.
აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.
მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა“, - განაცხადა კომისარმა ო’ფლაერტიმ.
