28 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ცვლილებების მიზანია ქვეყანა რევოლუციისგან დაიცვან. სინამდვილეში „ოცნებას“ სურს გააქროს კრიტიკული მედია, უფლებადაცვითი, ანტიკორუფციული, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დონორების მხარდაჭერით მუშაობდნენ. ცვლილებები შეეხებათ სტუდენტებს, ლექტორებს, ექიმებს, მეცნიერებს, მსახიობებს, ყველას, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობს და საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს. ისინი მთავრობის კონტროლქვეშ მუშაობას უნდა დასთანხმდნენ ან შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
„დღევანდელი მოცემულობით უცხოეთიდან საქართველოში არეულობის, ძალადობისა და რევულუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდით ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს. ამიტომ შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“, - ასე განმარტა კირცხალიამ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონის გამკაცრება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ივანიშვილის მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე დაესწრო.
ცვლილებები შედის გრანტების შესახებ შესახებ საქართველოს კანონში. ზუსტდება განმარტება და განისაზღვრება, რომ
გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.
აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად,
საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით,
გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ - ჩანაცვლდება ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც „ქართული ოცნების“ შეფასებით, უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება. კირცხალიამ თქვა, რომ კანონპროექტებს დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.
