ევროპარლამენტმა 486 ხმით 99-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, 14-15 დეკემბრის სამიტზე უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ გატარებული რეფორმებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
რეზოლუციის ავტორები ევროკავშირის გაფართოებას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში სტრატეგიულ ინვესტიციას უწოდებენ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით, გაფართოება სტრატეგიულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ევროკავშირის ხელთ არსებული ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს და აღნიშნავენ, რომ ორბანი გაფართოების პროცესს აზიანებს.
ნოემბერში, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების, საქართველოსთვის კი წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მათი რეკომენდაციაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიენიჭოს, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების განხორციელების კუთხით. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღებენ.
გადაწყვეტილებისთვის კონსენსუსია საჭირო. ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად გაფართოების პაკეტს, მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
