ევროკავშირი: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ქვეყნის დემოკრატიული სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის ნაწილია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მათი შეფასებით, ახალი კანონმდებლობა პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს და უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის პოტენციური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს, რის გამოც „მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის“.

ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია, უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები - კერძოდ, უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული დარღვევის საპასუხოდ, ევროკავშირი დღეიდან აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.

ბრიუსელი შეახსენებს თბილისს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები წლების განმავლობაში საქართველოს კეთილდღეობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები იყვნენ - დაწყებული 2008 წლის სადამკვირვებლო მისიით, დამთავრებული ეკონომიკური დახმარებითა და ახალგაზრდებისთვის ასობით სტიპენდიის შეთავაზებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა, ევროკომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. განცხადება უმძიმესი დასკვნით სრულდება:

„სამწუხაროდ, ხელისუფლება უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას... ამ ეტაპზე, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა“.

ევროკავშირის უმწვავესი რეაქცია „ქართული ოცნების“ მიერ 4 მარტს დამტკიცებულმა იმ საკანონმდებლო პაკეტმა გამოიწვია, რომელიც სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ აქტივობაზე სახელმწიფო კონტროლის მკაცრ მექანიზმებს აწესებს. ცვლილებებით, ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური დახმარება (მათ შორის ექსპერტიზის გაზიარება), რომელიც უცხოეთიდან მოდის და მიზნად ისახავს საზოგადოებრივ აზრზე ან პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, მთავრობასთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს. ამ წესის დარღვევისთვის დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ფულის გათეთრების მუხლით პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება 12 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

კანონმდებლობა ასევე აწესებს სასჯელს ე.წ. „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმისთვის“, რაც გულისხმობს 3 წლამდე პატიმრობას ხელისუფლების ორგანოების „არაღიარების“ ან მათდამი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებისთვის. გარდა ამისა, ცვლილებები კრძალავს „გარე ლობიზმს“ და პოლიტიკური პარტიის წევრობას 8 წლის განმავლობაში უზღუდავს ყველა იმ პირს, ვინც მუშაობს ორგანიზაციაში, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. ამ ბუნდოვანი და ფართო დეფინიციების გამო, ნებისმიერი კრიტიკული აზრი თუ სამოქალაქო აქტივობა შესაძლოა სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად და სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.