საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი 11-12 იანვარს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.
უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - დაწერა პლატფორმა X-ზე ჰიპერმა.
11 იანვარს, ბათუმში, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. თავდაპირველად, მისი დაკავება აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
11 იანვრის ღამეს ბათუმში ადმინისტრაციული წესით სულ 12 ადამიანი დააკავეს. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მათგან სამს - ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო თათია აბულაძე 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლოში საქმეების განხილვა გრძელდება.
12 იანვარს, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“, მოსამართლეთა კორპორატიული წვეულების პარლაელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
აქცია 12 იანვარს ბათუმშიც გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს, რომელთა შორის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძეც იყვნენ. დაკავებულია „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
