საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კითხვაზე, შეიძლება თუ არა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან, ღირებულებებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება დადებითი შეფასების გაკეთება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დიპლომატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის ხელახლა წარდგენიდან „სულ რაღაც 24 საათში“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზაციის საბაბი. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.

უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი. მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რაც რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. მან გამოთქვა იმედი, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე.

კანონპროექტზე კომენტარი გუშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმაც გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან განსხვავდება აშშ-ში მოქმედი უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტისგან (FARA).

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საუკუნის აფიორას“ და „წარმოუდგენელ თაღლითობას“ უწოდებს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის რუსეთში მოქმედ „უცხოური აგენტების“ კანონთან შედარებას. მდინარაძე და მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც მოქმედედებს და „დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური და მსგავსი კანონები“, საქართველოსაც აქვს მისი მიღების უფლება.

მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).