ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას უცხოეთში ვეღარ შეძლებენ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კოდექსი „სრულად გადამუშავდება“, ერთ-ერთი ცვლილებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას - ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთ საპირისპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს.

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834 შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იყო გახნილი. ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნას ითხოვდნენ. 

თითქმის ერთი წელიწადია, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები 2024 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ შემდეგი არჩევნები 2028 წელს გაიმართება, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.