ელისაშვილს პოლიციელისთვის „არაკაცის“ წოდების გამო მეოთხე ბრალდება წარუდგინეს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს 13 წლით პატიმრობა, რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა პოლიტიკოსს ამჯერად სასამართლოს შეურაცხყოფას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქმე ეხება სასამართლო სხდომას, რომლის დროსაც ალეკო ელისაშვილმა მოწმის სტატუსით მისულ პოლიციელს, შოთა ჭიპაშვილს „არაკაცი“ უწოდა.

„ეს ის პოლიციელია, რომელმაც ალეკო ელისაშვილს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით ხელბორკილების დადების დროს. საათების განმავლობაში მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, სისხლი სდიოდა, არ ხსნიდა, წყალს არ ასმევდა და ამასთან ერთად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ალეკო ელისაშვილმა მწამებელ ადამიანს უწოდა „არაკაცი“ და ზუსტად „არაკაცია“ ის სიტყვა, რის გამოც ალეკო ელისაშვილს დღეს ბრალი წარუდგინეს “, - აღნიშნა გიორგი რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება საქმის პროკურორის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ელისაშვილის საქმეზე პროკურატურას ანი ხუბეჯაშვილი წარმოადგენდა.

გიორგი რეხვიაშვილი ხაზს უსვამს „ორმაგ სტანდარტს“ - მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილმა 8 თვის წინ გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია წამებისა და პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, შოთა ჭიპაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ: „ამ შემთხვევაში, ერთადერთი ბრალდებული შოთა ჭიპაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ალეკო ელისაშვილის მიმართ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, წამება“.

ადვოკატის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია ელისაშვილის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში „რეციდივისტად“ წარმოჩენა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დამატებითი ბრალდებებით სახელმწიფო ცდილობს, გაამართლოს უკვე გამოტანილი მკაცრი განაჩენი.

10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის მცდელობაში და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების მტკიცებით, 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ნიღბიანი ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩით ჩაამსხვრია კანცელარიის მინა, შენობაში შეაღწია და იქ არსებულ ნივთებსა და დოკუმენტაციას აალებადი ნივთიერება დაასხა. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკოსის მიზანი სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო.

პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში 2025 წლის 4 მაისს გაჩენილი ხანძრის საქმეზეც. პროკურატურა მას ამ შემთხვევაშიც ტერორისტულ დანაშაულს ედავება.

ალექსანდრე ელისაშვილი ბრალდებულია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეზეც.

პარალელურად, ელისაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც მას უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.