რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტების მუშაობის გრაფიკი იცვლება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიმოსვლა მარტივდება. ცვლილებები შეეხება ახალგორის (ლენინგორის) რაიონში მოქმედ ე.წ. რაზდახანისა (ოძისი) და ჯავის (ძაუ) რაიონში მოქმედ ე.წ. პერევის (პერეუ) გამშვებ პუნქტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება მკაცრად შეზღუდულ პერიოდში - ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე ჰქონდათ. ახალი გრაფიკით კი სიტუაცია ნაწილობრივ იცვლება:
- ე.წ. რაზდახანის (ოძისი) გამშვები პუნქტი კვირაში ოთხი დღის განმავლობაში - ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 08:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.
- ე.წ. პერევის (პერეუ) გამშვები პუნქტი კი კვირაში სამი დღე - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, კვლავ 08:00-დან 18:00 საათამდე იქნება ღია.
მუშაობის საათების გახანგრძლივების გარდა, ახალგორისა და ჯავის კონკრეტული სოფლების მცხოვრებთა ახლო ნათესავებს შესაძლებლობა ექნებათ, ოკუპირებულ რეგიონში შესვლისა და დროებით ყოფნისას გამარტივებული წესებით ისარგებლონ.
მიმოსვლის რეჟიმის გადახედვის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მიმართვები და პირადი შეხვედრები გახდა.
„ლენინგორისა და ძაუს რაიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებზე საზღვრის გადაკვეთის საკითხი არაერთხელ დაისვა. თითოეული ასეთი მომართვის უკან კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციები დგას - მშობლების, შვილებისა და ახლობლების ნახვის შესაძლებლობა. კგბ-სა და შსს-ს დავავალე, უზრუნველყონ ახალი წესის განხორციელება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით“, - წერს კამბოლოვი.
ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დე ფაქტო მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღეს. მარატ კამბოლოვი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია.
