რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2026 წლის 18 სექტემბერი დაადგინა. დღეს, როდესაც დე ფაქტო პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად (34-დან 29 დეპუტატის მონაწილეობით) მიიღო, ცხინვალში სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მარატ კამბოლოვს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში კირიენკო და კამბოლოვი რუსეთთან საზღვარზე მდებარე „ქვემო ზარამაგის“ გამშვებ პუნქტზე მივიდნენ. დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საზღვრის გავლის პროცესს დააჩქარებს და გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. კირიენკო ბოლო 10 თვის განმავლობაში აღნიშნულ პუნქტს უკვე მეორედ ეწვია და მოდერნიზაციის პროცესს პირადად აკონტროლებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული და სოციალური სფეროს არაერთი საკითხი, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების „მოდერნიზაცია“, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა.
ვიზიტის ფარგლებში კირიენკომ და კამბოლოვმა ყვავილებით შეამკეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში დაღუპული 36 წლის ადგილობრივის, აცამაზ ბურაევის საფლავი. კირიენკომ გარდაცვლილის ოჯახს ვლადიმერ პუტინის მიერ ბურაევისთვის 31 მაისს მინიჭეული „რუსეთის გმირის ვარსკვლავის“ ორდენი გადასცა.
კირიენკოს ვიზიტი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალ ე.წ. არჩევნებში კამბოლოვი მიიღებს მონაწილეობას და მას კრემლის სრული მხარდაჭერა ექნება.

61 წლის მარატ კამბოლოვი წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდან არის. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ხელმძღვანელობდა „კურჩატოვის ინსტიტუტს“ - წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ბირთვული ფიზიკისა და ენერგეტიკის სფეროში.
კამბოლოვი პირველი რუსი ჩინოვნიკია, რომელიც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი გახდა. მისი კარიერული დაწინაურება რეკორდულად მოკლე დროში მოხდა, რაც პირდაპირ უკავშირდება მიმდინარე წლის 9 მაისს მოსკოვში პუტინისა და ალან გაგლოევის მიერ „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელმოწერილ ხელშეკრულებას.
კერძოდ, 27 მაისს, ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, მარატ კამბოლოვი ალან გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა, ხოლო უკვე 8 ივნისს გაგლოევმა ის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. 16 ივნისს ე.წ. პარლამენტმა კამბოლოვი ერთხმად, 32 დეპუტატის ხმით, დაამტკიცა „პრემიერ-მინისტრად“. 23 ივნისს ალან გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და კრემლის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. ცხინვალის რეგიონის ლიდერის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი კამბოლოვი გახდა.
სწორედ გაგლოევის გადადგომა გახდა ვადამდელი „არჩევნების“ დანიშვნის საფუძველი. 9 მაისის ხელშეკრულება რუსეთის მოქალაქეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მაღალი სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობების დაკავების უფლებას აძლევს.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება. კონფლიქტოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთი კავკასიაში გავლენებს კარგავს და საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც კონტროლის შენარჩუნებას ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის მეშვეობით ცდილობს. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „მაღალი კლასის რუსი ჩინოვნიკის“ დანიშვნა მცირე პროვინციაში შემთხვევითი არ არის და კამბოლოვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოსთან კულუარული ურთიერთობების აწყობა იქნება.
„საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება. თუ თქვენ ისე არ მოიქცევით, როგორც რუსეთს სურს, ნებისმიერ მომენტში ანექსიას განვახორციელებთ“, - მიიჩნევს კიდევ ერთი ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია.
