„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავების შემდეგ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი პარტია „როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
ბოკუჩავა გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ენმ-ის ლიდერების სახელმწიფო გადატრიალებაში დადანაშაულებასა და დაკავებას აპირებს.
„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის ინფილტრაციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციასა და მარგინალიზაციას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გააქტიურდა, რაც დაკავშირებულია მის მზარდ რეიტინგთან და პარტიის ახალგაზრდების „ძალიან გულწრფელ და მართალ ბრძოლასთან“.
„სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს - განსაკუთრებით, ბოლო თვეებში, იმ თანმიმდევრული, პრინციპული და უკომპრომისო მოქმედებების გამო, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
ივანიშვილის სუს-ის მანქურთებს ნუ დაავიწყდებათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა მოიტანა სწორედ სახალხო და სრულიად მშვიდობიანი რევოლუციის გზით.
ივანიშვილის მანქურთებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, მათ შორის ის სიტყვები, რომელიც გუშინ ამოვიკითხეთ პრეზიდენტი სააკაშვილის წერილში, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი“.
დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო-სახალხო, მასშტაბურ და მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი და, განსაკუთრებით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ თავიანთ სიტყვას.
რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინმსწრებად არ ანონსდება. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი.
ეს არის, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა, რომელიც ასევე უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება დასავლეთში, რომელთანაც მუდმივად გვაქვს კავშირი და რაც მთავარია, კვებავს და აძლიერებს ჩასაფრებულ რუს-ქოცურ პროპაგანდას.
რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, ყოველდღიური შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. ეს ყველაზე კარგად იცის სწორედ ამ პარტიამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ავტოკრატია მოქმედებით და პარტიულ საზოგადოებრივი კონსოლიდაციით. ეს არის სწორედ გამარჯვების გზა დღესაც - თანმიმდევრული, რაციონალური, ამავდროულად უკომპრომისო და პრინციპული მოქმდებები, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია და ერთიანობა.
უფრო კონკრეტულად ეს მოქმედებებია: რეჟიმთან არ თანამშრომლობა; რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; საერთო სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით, რომლის მაგალითია 245-დღიანი უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ყველა მომავალი მასშტაბური აქცია, როგორიც არის 2 აგვისტოს აქცია ბათუმში; მძიმე ინდივიდუალური სანქციები პირადად ივანიშვილის და მისი რეჟიმის წევრების მიმართ; ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიული პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მოულოდნელი არ ყოფილა სუს-ის მიერ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავება. „როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ უნდა ველოდოთ გაცილებით უფრო მასშტაბური ტიპის პროვოკაციებს“, - თქვა მან.
სუს-ი ლაშა ცანავას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის - 2650 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლებას ედავება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
