სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ცანავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა.

შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს“, - განაცხადა გაგნიძემ.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.