ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩს სანქციებთან დაკავშირებით „მტკიცებულება“ მოსთხოვა

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ელჩმა არ წარუდგინა „მტკიცებულება“ ა „არგუმენტი“, რომელიც პროპაგანდისტული „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებას გაამართლებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გარეთ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

„ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „პოსტივისთან“ და „იმედთან“ დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს.

არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი. მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. 

[...] 40 წუთის განმავლობაში, მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანული მხარე მათ მტკიცებულებას წარუდგენს, თუმცა დასძინა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

„როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზაიარებთ, ისევე, როგორც ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვეს რუსეთის დასუსტებაში.

ამ სანქციების მიზანი არის, რომ დაასუსტონ რუსეთი. ახლა თქვენ მითხარით „იმედის“ და პოსტივის“ დასანქციებით როგორ ხდება რუსეთის დასუსტება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტივის“ სანქციები რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე დაუწესა.

ორივე ტელევიზიის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ძირითადად საქართველოში არსებულ აუდიტორიას შორის, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

 დასანქცირებულ ტელევიზიებს აქტივების გაყინვა შეეხებათ, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ასევე ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულებთან.

25 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებენ ტელეკომპანიების დასაცავად. „ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - თქვა კობახიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.