ბიზნესმა შეიტანა - კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა

ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ და დაადასტურა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც მან აღნიშნა, მსგავს ნაბიჯს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონი უშვებს და პროცესი სწორედ ამ ჩარჩოების ფარგლებში ხორციელდება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნეს-სუბიექტის მეშვეობით მოხდა აფხაზეთში საწვავის შეტანა და კონკრეტულად ვინ, როდის და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი შეთანხმებას.

გვარამიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ითვალისწინებს გამონაკლისებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის მთავრობის ავტორიზაციით, არსებულ ვითარებაში ეს ნაბიჯი რუსული საომარი მანქანის მხარდაჭერად უნდა იქნას აღქმული.

მისი მტკიცებით, იმ ფონზე, როდესაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი სექტორი მძიმე დეფიციტს განიცდის, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული, მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგოა.

საკითხს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, „ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი მხოლოდ აფხაზეთში გადის. რეალურად ის რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ხმარდება, სადაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი და მაღალი ფასებია“. სააკაშვილის განცხადებით, სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია საწვავის გაძვირება თავად საქართველოს შიდა ბაზარზეც.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ინფორმაცია 11 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ გაავრცელა. მან დაწერა, რომ ადგილობრივებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის მიმართულებით ბენზინმზიდი სატვირთოების გადაადგილება დააფიქსირეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე კრიზისია, რასაც ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები და მკაცრი ლიმიტები (20-30 ლიტრამდე ავტომობილზე) მოჰყვა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ კრიზისი ტურისტულ სეზონს, ზღვით ტრანსპორტირების შეფერხებებსა და რუსეთიდან მიწოდების შენელებას დაუკავშირა. რუსეთში საწვავის დეფიციტის მთავარი მიზეზი კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.