ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე კრიზისი გრძელდება. ავტოგასამართ სადგურებთან მრავალკილომეტრიანი რიგებია, სადაც მძღოლებს საწვავის მისაღებად საათობით ლოდინი უწევთ. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც აგვისტოს დასაწყისში საწვავის გაცემაზე მკაცრი ლიმიტები დაწესდა - ამჟამად ბევრ სადგურზე ერთ ავტომობილზე მხოლოდ 20-30 ლიტრი ბენზინის ჩასხმაა შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შექმნილმა ვითარებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ტურიზმსაც. ბევრი რუსი დამსვენებელი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან საწვავის ჩასხმა ჭირს როგორც აფხაზეთში, ისე მეზობელ სოჭში, სადაც ანალოგიური დეფიციტი ფიქსირდება. ზარალდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთა შემოსავალიც ტრანსპორტზეა დამოკიდებული.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა შექმნილ ვითარებას „რესპუბლიკისგან დამოუკიდებელ გარემოებებს“ უკავშირებს, თუმცა ამტკიცებს, რომ „ხელმძღვანელობა ვითარების უმოკლეს ვადებში ნორმალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს“.
მისი განცხადებით, დეფიციტი მოხმარების პიკურ სეზონს დაემთხვა, როდესაც ტურისტების დიდი ნაკადის გამო საწვავის დღიური ხარჯი ორმაგზე მეტად გაიზარდა. ამასთანავე, პრობლემები შეიქმნა ლოგისტიკურ ჯაჭვშიც: შავი ზღვის აკვატორიაში არსებული უსაფრთხოების რისკების გამო, პოტენციური მომწოდებლები სხვა ქვეყნებიდან საწვავის ზღვით ტრანსპორტირებაზე უარის ამბობენ. შედეგად, რეგიონი სრულად დამოკიდებული დარჩა რუსეთიდან მომავალ პარტიებზე, რომელთა მოწოდებაც შეფერხებებით ხორციელდება.
კრიზისის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არსებული მარაგი პირველ რიგში სასწრაფო დახმარების, ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებისა და კომუნალური სამსახურების საჭიროებებს მოხმარდეს. როგორც გუნბამ აღნიშნა, რუსულ მხარესთან მუდმივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე რუსეთმა აფხაზეთში 2 300 ტონა ბენზინი გაგზავნა, უახლოეს დღეებში კი კიდევ ათას ტონაზე მეტი საწვავის მიღებას ელიან.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ პერიოდში გაგებით ეკიდებიან ბენზინგასამართ სადგურებზე შექმნილ დისკომფორტს. კრიტიკას ვერ უძლებს ამ თემით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობა, თითქოს აფხაზეთში რიგები ხელოვნურად იქმნება - ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა. საზოგადოება ხედავს, რაც ხდება მეზობელ სოჭში, სადაც რიგები ორჯერ უფრო გრძელია, ვიდრე აფხაზეთში. ამიტომ, აქ კონსპირაციების ძებნა საჭირო არ არის. ეს არის ობიექტური ხასიათის პრობლემები, რომლებსაც აუცილებლად, მშვიდად და ღირსეულად გადავლახავთ“, - განაცხადა გუნბამ.
მასშტაბური კრიზისის სათავე რუსეთის ფედერაციაშია, სადაც საწვავის დეფიციტი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. შექმნილი ვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების გახშირებული დარტყმებია, რის გამოც ბევრმა საწარმომ წარმოება დროებით შეაჩერა. მიწოდების პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ რუსეთს ბენზინის იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც უწევს, ხოლო ზოგიერთ ქალაქში ავტოგასამართი სადგურების ნაწილი საერთოდ დაიხურა.
ანალიტიკოსები რუსეთში წარმოების მოცულობის აღდგენას მხოლოდ წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი, შესაძლოა, კიდევ ხანგრძლივად გაგრძელდეს.
