ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე თემურ ქათამაძეს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ხელახლა დაადეს ხელბორკილები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
თემურ ქათამაძე პირველად 11 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს, 13 იანვარს კი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თემურ ქათამაძე დროებითი მოთავსების იზოლატორს ტოვებდა, როდესაც მეორედ დააკავეს.
დაკავების კადრები ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“, აკაკი გვიანიძემ გაავრცელა. ვიდეოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქათამაძეს განუმარტავს, რომ დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად. თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას“.
ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას უთხრა, რომ თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან „მაინც გააგდებდა“. ციალა ქათამიძეც 11 იანვარს დაკავებულთა შორის იყო.
„ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო.
ეგ თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენიქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა ისეთი სახით, რომელსაც ვერც ერთი სიტყვა ვერგადმოსცემს და ასახავს, ამ სახეს „ირაკლი დგებუაძე“ ჰქვია!“ - წერს ქათამიძე Facebook-ზე.
მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა ჯერაც ვერ მიიღო.
თემურ ქათამაძე საპროტესტო აქციებში საქართველოს დროშით მონაწილეობს, რის გამოც „მედროშის“ სახელითაა ცნობილი.
