ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ უდანაშაულოდ ცნო ინდიკო ბჟალავა, მოძრაობისბალდის კანიონის შესანარჩუნებლადწევრი, რომელსაც პროკურატურა ინვესტორი კომპანიის თანამშრომლის ცოლის მიმართ მუქარას ედავებოდა. აქტივისტმა 98 დღე გაატარა უკანონო პატიმრობაში და 19 სექტემბრიდან 10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სასამართლოში ინდიკო ბჟალავას ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ინდიკო ბჟალავას დანაშაული არ ჩაუდენია.

სამეგრელოში, მარტვილში, ბალდის უნიკალური კანიონის გასხვისებისა და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს 2025 წლის 11 ივნისს, გვიან საღამოს, კარავში თავს დაესხნენ. მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით, მარტვილის პოლიციამ ძმები, გელა და გიგა ხურცილავები დააკავა. 12 ივნისს დააკავეს პროტესტის აქტიური მონაწილე ინდიკო ბჟალავაც. მას პროკურატურა გელა ხურცილავას ცოლის, სოფიო შაყულაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა.

გამოცემა „მთის ამბების“ მიერ მომზადებულმა ჟურნალისტური გამოძიებამ აჩვენა, რომ 30 წლის აქტივისტის დაკავების, ხოლო შემდეგ უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა მოწმე მაია კუხალეიშვილის ჩვენება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლის, ელისო ზარქუას მიერ იყო გაყალბებული.

ბალდელების უწყვეტი პროტესტი 770 დღეზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები არაერთხელ გახდნენ ინვესტორის წარმომადგენლების მხრიდან დევნისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი.

2025 წლის მარტში ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350“-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე თვარაძის მიმართ ძალადობის საქმეზე.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ელექტრონულ აუქციონზე 2022 წლის 5 ნოემბერს გაიტანა. 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულება აუქციონის გამოცხადების შემდეგ დაფუძნებულ კომპანიასთან, შპს „კანიონი 350“-სთან გაფორმდა.

აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მესაკუთრეები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან.

„კანიონი 350“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლის 29 ნოემბრამდე დაესრულებინა. ბოლო დღეების განმავლობაში ბალდელები  - დედები ითხოვენ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხელშეკრულების ვადა არ გაახანგრძლივოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.