საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო (ბაჩანა) ახალაიას, რომელიც 4 ოქტომრბის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწვეყტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ დღეს, 27 დეკემბერს, დახურულ სხდომაზე მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე მოწმეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) თანამშრომლები არიან და მათი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში გამოძიების ინტერესები დაზიანდება.
ბაჩო ახალაია სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო. როგორც მან პროცესის დახურვამდე თქვა, სუს-ის თანამშრომლები ცოლის დაჭერის მუქარით აიძულებდნენ „მეგობრების წინააღმდეგ“ ჩვენება მიეცა.
„რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? რა არის მიზანი? იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ და არ გაიგონ, ვინ არის და არ არის დამნაშავე? ან ის, მე რა არგუმენტები მაქვს, რომ ვერ გაიგონ? მაკვირვებს და მაინტერესებს, რა საფუძვლით ხურავთ? ანის გაძევებაც ვერ გავიგე? ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სტატუსი! ყველა ინტერესში უნდა შედიოდეს, რა დევს ამ საქმეში… მოკლედ თუ გნებავთ მეც არ დავესწრები.
ჯერ ადვოკატებს მოაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. მინდა საჯაროობა, მინდა, ყველამ ნახოს, რა მტკიცებულებები დევს ამ საქმეში.
ჩემს მეუღლეს დაატოვებინეთ დარბაზი. რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, რაც ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუს-ის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ - ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო.
დროს მაძლევდნენ თან - 10 წუთი, 15 წუთი. გესმით? და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭრით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება? უნდა მეთქვა, თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები. „არა“ ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არის ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი - ასე შევუთვალე, ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?
13 წლის ძმისშვილი აიყვანეს მძევლად. ტერორისტია ის, ვინც ამას აკეთებს და რომელიც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ვინც ეს დაგავალა [პროკურორს მიმართავს], გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი!
რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი? ტერორისტები ხართ, ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანეს. მე კი ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ“, – „ტვ პირველის“ თანახმად, ბაჩო ახალაიამ ეს განცხადება გააკეთა. სხდომის დახურვის შემდეგ მან დარბაზი დატოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია სუს-მა 25 დეკემბერს დააკავა.
სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების „ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალია“.
მაღრაძის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათ ინტერნეტაპლიკაციებსა და ბაჩო ახალაიას ცოლის, ანნა ნადარეიშვილის აიპი (ე.წ. ვაიფაის) მისამართებს შორის, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია. ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, სუს-ის მტკიცებით, ჯამში, ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის, მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ.
ანი დადარეიშვილმა ცოლმა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრული ბოდვა“ უწოდა.
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სუს-ს 25 დეკემბერს ანი ნადარეიშვილიც ჰყავდა დაკებული, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს. როგორც ლაშა მაღრაძემ თქვა, გამოძიება „დანაშაულში“ მისი მონაწილეობის შესახებ მომავალში იმსჯელებს.
