სუს-მა 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავა

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო (ბაჩანა) ახალაია დააკავეს. „ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალაია „ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორია“. მაღრაძის თქმით, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუს-მა ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანნა ნადარეიშვილიც დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა. როგორც ლაშა მაღრაძემ თქვა, გამოძიება „დანაშაულში“ მისი მონაწილეობის შესახებ მომავალში იმსჯელებს.

მაღრაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

სუს-ის უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილისა და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტკავშირი.

მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალია.

საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. ვაიფაის) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში, ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის, მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ.

ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე. რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე - 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი - ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე.

რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის.

4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა.

ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ.

როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დრომდე, 45 ადამიანი იყო დაკავებული. მათ შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.

ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, „ხმის ნიმუშის ასაღებად“ იმყოფებოდა. მაშინ ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც, თითქოს ის და პაატა ბურჭულაძე აქციის შესახებ საუბრობენ, „არათუ ხმა, ბგერა არ არის“ მისი. ახალაიამ ასევე თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირში მისი სახელისა და გვარის ხსენება პროპაგანდის ნაწილი იყო.

„ძალიან მრცხვენია, ძალიან მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაორა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე 2022 წლის მარტში დატოვა. ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იყო მსჯავრდებული, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.