ბაჩიაშვილის ადვოკატი: თუ ეს იყო ორ სუბიექტს შორის დაპირისპირება, რატომ არ შეგვატყობინეს?

„მე მართლაც მეპარება ეჭვი, რომ ეს სპეციალურად იყო სწორედ დაბადების დღისთვის გაკეთებული... თუ ეს იყო ორ სუბიექტს შორის დაპირისპირება, რატომ არ შეატყობინეს ადვოკატებს, მისი თხოვნის მიუხედავად? რატომ არ შეატყობინეს ოჯახს, თუ ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა დასამალი?“, - განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ციხეში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჯანდიერი ვარაუდობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმისთვის პარასკევი სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან ადვოკატებს შაბათ-კვირის განმავლობაში მსჯავრდებულებთან შესვლის და მათთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ.

„რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, პროკურორმა გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილს აუკრძალეს ყოველგვარი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მათ შორის ადვოკატებთან. ჩვენ შეგვიძლია ის მოვინახულოთ ფიზიკურად, მაგრამ სატელეფონო წვდომა მას არ აქვს არც ოჯახთან, არც ადვოკატებთან.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, იქიდან მოყოლებული 24 საათის განმავლობაში, გიორგი ბაჩიაშვილი მუდმივად მოითხოვდა კომუნიკაციას ადვოკატებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ეს ხდებოდა როგორც მე-8 დაწესებულებაში, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან. „ვივამედში“ ექიმმა უთხრა, რომ თუ გააგრძელებდა ადვოკატებთან კომუნიკაციის მოთხოვნას, მაშინ მას აღარ გაეწეოდა სამედიცინო დახმარება. მხოლოდ 24 საათის შემდეგ, შაბათ საღამოს დაგვირეკა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რადგან მისცეს უფლება, მას დაკავშირებოდა. ადვოკატები მივიდეთ მაშინვე და შუაღამემდე ვიყავით იქ, თუმცა მასთან წვდომა არ გვქონია“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ადვოკატის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელმაც მომხდარი უნდა გამოიძიოს, რადგან საქმე ეხება იუსტიციის სისტემის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენლებმა გამოძიების დაწყების თაობაზე დღეს პროკურატურას მიმართეს.

დავით ჯანდიერი

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში 11 ივლისს, პარასკევს, სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ 14 ივლისს გაავრცელა, რასაც მალევე მოჰყვა თავად პატიმრის ვრცელი წერილი, სადაც ის მომხდარის დეტალებს აღწერს.

ბაჩიაშვილის თქმით, საღამოს 7 საათზე, საკნში, სადაც ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა, შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც პატიმარი ამბობს, ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე, 8 ივლისს, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.

„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მომხდარს „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი გამოძიებას აწარმოებს.

გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.