საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ იცის, თუ როგორ მართავს სისტემა პოლიტიკურ პროცესებს, რის გამოც სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და „პოლიტიკურ მასკარადში“ მონაწილეობას არ აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემ მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ყველაფერი გავაკეთე ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად, თუმცა
სასტიკი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ.
მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესებს დავესწრები. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ადვოკატები დაიცავენ.
აქვე ვაცხადებ, რომ ამ გადაწყვეტილებით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას - არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ,
ვინაიდან ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, როგორ მართავს მას სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!
აღარც ის მაინტერესებს, თქვენი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად რომელ პატიმარს/მძევალს რას დააწერინებთ ჩემზე ან რა ახალ ბრალს წამიყენებთ.
მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას. დაე, ხალხმა განსაჯოს!“, - წერს ღარიბაშვილი.
პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალდება წარუდგინა - მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. დანაშაული, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეს უკავშირდება, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალი ეყრდნობა მსჯავრდებულ ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლისძმის, ვასილ მხეიძის ჩვენებებს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს.
ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე:
„სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად პოლიტიკის გამოყენებას ცდილობს.
მას აღიარებული აქვს უმძიმესი დანაშაული - ფულის გათეთრება პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად, ბრალდებულია თანხების მითვისებაშიც. ახლა კი არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებებს. მეორე მხრივ, თუ რა ქართულით არის ეს დაწერილი, ცალკე საკითხია“.
წერილს ასევე გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე:
„ირაკლი ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო და მისი ყველა შტო მიტაცებულია; ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ღარიბაშვილის მაგალითი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი ერთგულება. მას, როდესაც დასჭირდება, ყველას გასწირავს, ყველაზე ერთგულსაც კი. ეს უკვე იცის „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა. ამ პროცესში კარგად ჩანს პარტიის რიგ წევრთა თუ მხარდამჭერთა ფსევდოერთგულებაც - ადამიანები, რომლებიც გუშინ ღარიბაშვილს ადიდებდნენ, დღეს მას ლაფს ასხამენ. ღარიბაშვილის წვლილი კი უდიდესია ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში“, - აცხადებს ნინო დოლიძე.
