პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მორიგ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა და მისი ხელახლა ინიცირებით „ქართულმა ოცნებამ“ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული კანონი „ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონია“ და ის შეიძლება არ შედიოდეს „განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ“.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები - მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის სწორედაც რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის მცდელობა, „ჩაიხშოს საღი აზრი“ და დისკუსია რუსულ კანონზე, რაც, მისივე შეფასებით, ანტიევროპული ქცევაა.
„დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - თქვა პაპუაშვილმა.
გუშინ, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონის გამო და გაიმეორა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
17 აპრილს, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე“. ბორელი და ვარჰეი მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს, შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ მოხდეს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ქართული ოცნების“ რუსულ კანონს რუსეთშიც გამოეხმაურნენ, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონი 2012 წელს მიიღეს. დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს" ეს კანონი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რუსული კანონი „ძალიან ლმობიერია“.
