ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან გრძელდება საპროტესტო აქცია, სადაც გამომსვლელებმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაც გააჟღერეს. როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, გარი კოკაიამ განაცხადა, დეპუტატებთან მოსალაპარაკებლად შენობაში მისი ორი თანამებრძოლი, ადგურ არძინბა და თემურ გულია იმყოფებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ.
„პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა, ასლან ბჟანია მთელი თავისი მმართველობა ცდილობდა ეს ურთიერთობები საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, მანიპულირებდა საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად.
დღეს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ არა ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, არამედ აფხაზეთის ეროვნული ინტერესების, მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციასაც ბჟანია პირადი სარგებლობისთვის ცდილობდა.
აფხაზ ხალხს ყოველთვის ჰქონდა ერთი მთავარი მოთხოვნა: მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არც პრეზიდენტმა და არც პარლამენტმა ხალხის ხმას დღემდე არ მოუსმინეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 12 ოპოზიციური პარტია და ორგანიზაცია აწერს.
დღეს, 15 ნოემბერს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილა. ოპოზიციის საპროტესტო აქციის შედეგად, ე.წ. დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
„საინვესტიციო შეთანხმების“ მოწინააღმდეგეებმა რკინის ღობე გაარღვიეს და პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათ ალყაში მოაქციეს სამთავრობო შენობების კომპლექსი. როგორც ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რაც „ეროვნული ინტერესების დაცვაში აფხაზური საზოგადოების ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია“. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის ხელახალი შეკრებას და შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ.
