ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა დღეს, 17 ივლისს, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საკომიტეტო განხილვა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დე ფაქტო პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აპარტამენტების კანონის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ოპოზიციონერი ჯანსუღ ადლეიბა პარლამენტთან ავტომობილით მივიდა და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
ადლეიბაზე ძებნაა გამოცხადებული. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მან „საჯარო ადგილას, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავების მიმართულებით, რომლებიც ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდნენ“.
კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ე.წ. პარლამენტის შენობის დაცვა გაძლიერებული იყო. აქცია შენობის ირგვლივ ივნისში აღმართულ ღობესთან მიმდინარეობდა.
ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ოჩამჩირის, ტყვაჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მომავალ სესიაზე განიხილება. კომიტეტის ხელმძღვანელმა, რეზო ზანთარიამ განაცხადა, რომ საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს.
„მიწის ფარული გაყიდვა“ - ასე აფასებენ კანონს მისი მიღების მოწინააღმდეგეები. როგორც დე ფაქტო პარლამენტის წევრი კან კვარჩიამ ამბობს, აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთს ეკონომიკურად „აბსოლუტურად არაფერს“ მისცემს.
„ეს არის მხოლოდ ფარული სქემა, შესაძლებლობა, რომ ადამიანები შევიდნენ აფხაზეთში და მიიღონ უძრავი ქონება. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი მცირერიცხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება მივიღოთ დემოგრაფიული აფეთქება, რომელიც სარგებელს არ მოგვცემს“, - თქვა კვარჩიამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
