ანიტა ჰიპერი: ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს

ევროკავშირი მხარს უჭერს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და ყველა პოლიტპატიმარს საქართველოში და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრეს-სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა დღევანდელ ბრიფინგზე ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვის პასუხად განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტმა პრეს-სპიკერს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ევროკომისია კონკრეტულ ზომებს საქართველოში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ.

„პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და უსამართლოდ დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ჩვენი სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების განხილვას როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე შემდგომი ზეწოლის განხორციელებას, იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ.

ეს უკვე დაიწყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჩართულობით საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომებზე და ასევე, ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ეს დისკუსიები მოიცავდა დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით და სხვა ვარიანტებით დამთავრებული.

ამავე დროს, ჩვენ სრულად შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარება და გავზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ჰიპერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო გუშინ, 15 სექტემბერს, დააკავა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბრალის დადგენილების მიხედვით, განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

ერთი დღით ელენე ხოშტარიამ Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. ამ ქმედებით ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა 23 წლის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტს, მეგი დიასამიძეს, რომელიც შსს-მ 10 სექტემბერს დააკავა და კალაძის ბანერების დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.  

სასამართლომ მეგი დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.