ევრონიუსის ფოტო

თბილისში მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რუსული კანონის მეორე მოსმენით მისაღებად პლენარული სხდომა ხვალ, 29 აპრილს, არ ჩანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას ხელს შეუშლიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციურ ჩარჩოდან.

საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით“, - განაცხადა პოეტმა რატი ამაღლებელმა რესპუბლიკის მოედანზე, აქციაზე გამოსვლისას.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის მეორე მოსმენას გააპროტესტებენ, თუმცა, არ აპირებენ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებთან გადაიკვეთონ.

„ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს, ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს და არა რუსულ კანონს. ჩვენი მოთხოვნების სამიზნე იქნება და არის ხელისუფლება და არა ხალხი. ამიტომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და არარსებული საზოგადოებრივი დაპირისპირების სურათი დაიხატოს.

ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ, გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან. ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდებთ, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის“ პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ შეკრებისკენ, წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ორი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, ყოველდღე იმართება. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს. 29 აპრილსვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტი „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. ჯერ უცნობია, როდის გავა კანონი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად, თუმცა, არ არის გამორიცხული, მმართველმა პარტიამ პლენარული სხდომაც ხვალ ჩანიშნოს.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გადადოს.

2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).