ლევან ხაბეიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, გადადოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ხვალ, 29 აპრილს, რუსული კანონი მეორე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. მათ განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციის პარალელურად გაავრცელეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრაქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, ყოველდღე იმართება. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს. 29 აპრილსვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონის მეორე მოსმენით განხილვა.. ჯერ უცნობია, როდის გავა კანონი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად და მისაღებად, თუმცა არ არის გამორიცხული მმართველმა პარტიამ სხდომა ხვალვე ჩანიშნოს.

ახალგაზრდულმა  ჯგუფებმა და სტუდენტურმა მოძრაობებმა  გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივებობი არ ექნებათ, რადგან ესმით, რომ ეს პროვოკაციებს გამოიწვევს.

„ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“, - განაცხადა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა.

პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემაც თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული „რუსული მარშის“ დროს, პარტიას არანაირი აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მის მიმდებარედ.

2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).