„თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს. პრემიერი ძალადობრივ ორგანიზაციებად მოიხსენიებს ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომლებიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს უპირისპირდებიან და 15 აპრილიდან თბილისში აქციებს მართავენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული“, - მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აქციებზე კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ.

„სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

პრემიერი საუბრობს ერთ-ერთი მისთვის ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის „ფეისბუკ“-პოსტების შესახებ, რომელსაც კანონპროექტი არ წაუკითხავს, თუმცა სწამს, რომ კანონი რუსულია.

„ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?“ - აცხადებს პრემიერი.

მთავრობის მეთაური ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერები ინტელექტის მიხედვით დათვალა და კატეგორიებად დაყო.

„ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია. როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).