საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და მას საქართველოს მოსახლეობის უფლებების საბოტაჟად აფასებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა და აღძრა სისხლის სამართლის საქმე „საბოტაჟისთვის“, ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობის შეძენა დააფინანსეს.
წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამას შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება მოჰყვეს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და შემაშინებელ გზავნილს უგზავნის სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ძირის გამოთხრით, საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავისი მოსახლეობის ადამიანის უფლებებს.
ადამიანის უფლებების ეს შეზღუდვა უნდა დასრულდეს“, - წერია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. „საბოტაჟის საქმის“ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა მათ საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.
„[არასამთავრობო ორგანიზაციების] მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“, - აცხადებს პროკურატურა.
დაყადაღებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
- „სამართლიანი არჩევნები“
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
- „დემოკრატიის მცველები“
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
- „საფარი“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ისინი საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ. როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ ჯერ ადგილობრივ დონეზე, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც.
