პარტია „ლელო – ძლიერ საქართველოში“ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ „ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას“ პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, თითოეული ინიციატივა შევაფასოთ არა ემოციურად, არამედ სტრატეგიულად.
ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც“, – ნათქვამია პარტიის მიერ დღეს, 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. მათი განცხადებით, ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შესთავაზეს სისტემური ერთობის ფორმატები - ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი - რომლებიც შეჩერდა ან ჩაიშალა.
„შედეგად მივიღეთ ის, რომ დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ“, – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.
„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ერთობა „თვითმიზანი არ უნდა იყოს“, არამედ ის ინსტრუმენტია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.
„თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.
პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით“, – აცხადებენ პარტიაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ პოზიციონირებას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. ამასთან, პარტია გამითქვამს მზაობას კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის „კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში“.
ოპოზიციური პარტია ადასტურებს, რომ უცვლელი რჩება მიზანი - ქვეყანაში მმართველი სისტემის დემოკრატიული ცვლილება მშვიდობიანად, არჩევნების გზით.
