პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ჯაფარიძე ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო იყო დაპატიმრებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ციხიდან დილის 8 საათზე, მაისურის ამარა გამოუშვეს. ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ვერ შეძლეს, რომ საპატიმროსთან დახვედროდნენ.
„რამდენიმე დღის წინ ვიკითხე, ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი დაახლოებით 10:30-სთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღეს 8 საათზე გამომდგეს გარეთ. არაფერი აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა, მაისურით ვიყავი - გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ, რომ ძალიან სქელიაო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო და დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი, ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან, რათა მეთქვა, რომ უკვე გარეთ ვიყავი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
2025 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურაბ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებაში და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ჯაფარიძეს 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს ოპოზიციის სხვა ლიდერებიც: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე წინასაარჩევნოდ შეიწყალა იმ არგუმენტით, რომ მათი პოლიტიკური ძალა „ლელო - ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისა და პატიმრობაში მყოფი სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა. ნოემბრის დასაწყისში მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით დაიწყო.
„არ მგონია, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეთ, ჩაგვსვამენ თუ არა 7 ან 15 წლით, მაგრამ რატომაც უნდათ, მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაგსვან ციხეში. ჩემი ამოცანაა, სანამ გარეთ ვართ, ეს ცოტა დრო ეფექტურად გამოვიყენოთ“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 19 ნოემბერს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.
