6 თვეში „ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარი მიიღო, რაც ყველა პარტიის შემოწირულების 87%-ია – TI

2025 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამურად 7 592 948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, რომლის 87% – 6 573 370 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. „საერთაშორისო გამჭვივრალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, „ქართული ოცნების“ მსხვილ დონორებთან დაკავშირებული კომპანიები მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს იღებენ, რაც სისტემური კორუფციის შესახებ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იანვარ-ივნისში პარტია „ლელომ“ 410 125 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო პარტიამ „ხალხის ძალა“ – 190 000 ლარი. შემოწირულებების ოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ამ პერიოდში 164 767 ლარი შესწირეს.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში „ქართულ ოცნებას“ სულ 168 შემომწირველი ჰყავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით:

  • შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული;
  • შემომწირველებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული;
  • შემომწირველებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.

მაგალითად, ძმებმა ნუკრი და მერაბ დოლიძეებმა, ერთსა და იმავე დღეს, 7 მაისს „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი შეწირეს. მათმა სამშენებლო კომპანიებმა „მონოლითი 2005“-მა და „ბონდი-2009“-მ 2024-2025 წლებში 115 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძეებს „ქართული ოცნებისთვის“ სულ 620 450 ლარი აქვთ შეწირული.

სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვას“ ხუთმა მეწილემ - ჯემალ ანთაძემ, ემზარ და რამაზ ირემაძეებმა, ჯემალ ბოლქვაძემ და ზვიად აბულაძემ აპრილის ბოლოს, რამდენიმე დღის შუალედში, „ქართულ ოცნებას“ 258 000 ლარი შესწირეს. „საერთაშორისო გამჭვივრალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, შპს „ნოვას“ 2024 წლიდან მიღებული აქვს 28 სახელმწიფო შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 6 568 960 ლარი და 893 231 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ შემომწირველების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აჭარის რეგიონიდან ჰყავდა.

მაგალითად, როგორც ირკვევა, ივნისში პარტიას სულ 44 დონორი ჰყავდა, რომლებმაც მას ჯამში 1 727 200 ლარი შესწირეს. აქედან 39 შემომწირველი აჭარის რეგიონს წარმოადგენდა და ჯამში 1 541 100 ლარი (89%) შეიტანეს პარტიის ყულაბაში.

„ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა რაც ერთი თვის ინტერვალში მიუღია „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან. შემოწირულებების ზრდა, აპრილში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ დაიწყო და იმავე თვეში 545 000 ლარი შევიდა პარტიის სალაროში, ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა (505 020 ლარი), ხოლო პიკს, როგორც აღვნიშნეთ ივნისში მიაღწია. სულ სამ თვეში აჭარიდან პარტიამ 2 590 020 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში 62 შემომწირველიდან 39 მათგანმა პირველად განახორციელა შემოწირულება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ პარტია „ხალხის ძალას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთი და იგივე ადამიანები აფინანსებენ. „ქართული ოცნების“ ამ განშტოებას ექვს თვეში 190 000 ლარი შეწირეს - ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში, 337 369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი. „ხალხის ძალის“ დამფინანსებელთა შორისაა სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გენერალური დირექტორი არჩილ მამაცაშვილიც, რომელმაც პარტიას 30 000 ლარი შესწირა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.