გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის სრულ აკრძალვას გულისხმობდა, შეიცვალა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით ჩანაცვლდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული კორექტირება საზოგადოებაში გამართულ ფართო მსჯელობასა და კერძო სუბიექტების ინტერესებს ეფუძნება.
„შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული - კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით“, - აღნიშნა კობახიძემ.
საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, 6-8 წლის წინ გამოშვებული ავტომობილების აქციზი ძრავის 1 სმ³-ზე 80 თეთრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი გადაწყვეტილებით ეს გადასახადი თითქმის 6-ჯერ იზრდება.
მაგალითისთვის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია Toyota Prius. 2015 წლის გამოშვების ამ ავტომობილის ძრავის მოცულობა 1798 კუბური სანტიმეტრია. თუ აქამდე მისი განბაჟება (აქციზის გადასახადი) 1438 ლარი ჯდებოდა, ახალი რეგულაციით ეს თანხა 8091 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ აქციზის ნაწილში ავტომობილი 6653 ლარით გაძვირდება.
ეს ცვლილება ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ბოლო სტატისტიკით 1 814 300-ს შეადგენს, საიდანაც 1 555 600 მსუბუქი ავტომობილია. მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია: 1 541 196 ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა, 265 041 ავტომობილის ასაკი 5-დან 10 წლამდეა, ხოლო 2-5 წლის წინ გამოშვებული მხოლოდ 61 000-მდე ავტომობილი მოძრაობს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელზე უფრო ადრე გამოშვებული ავტომობილების შემოტანა ქვეყანაში უკვე აკრძალულია.
„ქართული ოცნების“ თავდაპირველ ინიციატივას სრული აკრძალვის შესახებ კრიტიკა მოჰყვა როგორც ექსპერტების, ისე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. „ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, აკრძალვის შემთხვევაში არსებული ძველი მანქანები მიმოქცევაში უფრო დიდხანს დარჩებოდა, რაც მეტი ცვეთის გამო გარემოს უფრო მეტად დააბინძურებდა.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ კი აღნიშნა, რომ „ამ ინიციატივით გამოდის კორუმპირებული „ოცნება“, რომლის მთავრობისა და პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ძვირადღირებული, ხშირ შემთხვევაში 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების მანქანებით გადაადგილდება“. შარაშიძის შეფასებით, გაცილებით სწორი იქნებოდა ეტაპობრივი გადასვლა: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე მაღალი გადასახადის დაწესება, ხოლო 10 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის სრული აკრძალვა.
